აგრესიული კვლევებით ბოლო 24 საათში 25 დაინფიცირებული გამოვლინდა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსიანი პაციენტების რიცხვი  25 -ით გაიზარდა სულ ამჟამად 456 პირია კოვიდინფექციის მატარებელი, თუმცა 132 გამოჯანმრთელებული უკვე ბინაზე გაეწერა. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა აუწყა.

“ამეტაპზე კლინიკებში სულ 323 პაციენტი მკურნალობს. გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა ძალიან დიდი რაოდენობით აგრესიული ტესტებით კვლევა,  ასევე ჩავატარეთ  ყველა კონტაქტის კვლევა და მივიღეთ ეს შედეგი”.- აღნიშნავს ეზუგბაია და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ჩატარებული კვლევები ასეთი შედეგით არ დასრულდება.

მარინა ეზუგბაიამ ასევე ინფექციურში მოთავსებულ ახალ ინფიცირებულ პაციენტებზეც ისაუბრა:

“25 ახალი ინფიცირებულიდან  ჩვენთან გუშინ მოთავსდა 4 პაციენტი, აქედან 2 მოზარდია და აქამდე  თუ 7 ბავშვი მკურნალობდა ჩვენთან, კიდევ 2 დაგვემატა და 9 მოზარდი გვყავს. მათი მდგომარეობა  მსუბუქი სიმძიმისაა. ერთ-ერთს აქვს დაბალი ტემპერატურა 37,3. მეორეს –  არ აქვს, ჩივილები უმნიშვნელოდ გამოხატულია.  ორი ზრდასრული ახალი პაციენტიდან ერთს საშუალო სიმძიმის პნევმონია აღენიშნება, მეორეს – არა.   3 შემთხვევა ბოლნისს უკავშირდება, მეოთხის – დგინდება.  კრიტიკული პაციენტები ამ ეტაზე არ გვყავს, გვყავს 17 მძიმე პნევმონიით, დანარჩენი საშუალო ან მსუბუქი პნევმონიით, ან პნევმონიის გარეშე”, – განაცხადა ეზუგბაიამ.