“რუსეთი ცდილობს შექმნილი ვითარება საკუთარი დესტრუქციული მიზნებისთვის გამოიყენოს”

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებას მძიმედ აფასებს. ლაშა დარსალია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც რვა თვეა გადასასვლელები დაკეტილია.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება კვლავ მძიმეა. ეს განსაკუთრებით ეხება ცხინვალის რეგიონს, სადაც უკვე მერვე თვეა გადაკეტილია გადასასვლელები, რაც ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას. ეს განსაკუთრებით ეხება ახალგორის რაიონს. არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს რუსეთის დესტრუქციული ქმედებები – რამდენიმე დღის უკან მათ განაახლეს ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი. ამასთან, კიდევ უფრო ძლიერდება რუსული პროპაგანდა – ერთი მხრივ, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ, მეორე მხრივ, ხდება საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება, თითქოს საქართველო ახდენს ვითარების ესკალაციას. იმ ფონზე, როცა მთელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიმართულია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისადმი, რუსეთი ცდილობს შექმნილი ვითარება გამოიყენოს საკუთარი დესტრუქციული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უყურადღებოდ არ დარჩეს არც ერთი ასეთი ფაქტი და მოხდეს სათანადო რეაგირება რუსეთის შესაკავებლად. ხაზი მინდა გავუსვა არსებული ვითარების ფონზე იმ უპრეცედენტო მხარდაჭერას, რაც საქართველოს ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან”, – აცხადებს ლაშა დარსალია.