“ასე მგონია ვიღაცას სურს უფრო მეტი დაინფიცირებული გვყავდეს”

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება, სადაც პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა პირები ეჭვს გამოთქვამენ, რომ ინფექციონისტები და ხელისუფლება დაინფიცირებულთა რეალურ რიცხვს მალავს და ის უფრო მეტია, ვიდრე აცხადებენ.  “ასე მგონია, რომ სურვილი აქვთ, მართლა მეტი დაინფიცირებული იყოს. არადა სინამდვილეში არსებული მონაცემები არის სწორი და ეს სტატისტიკა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა,”- აცხადებს ეზუგბაია და ამბობს, რომ მან თავისი სურვილი გააჟღერა,  ქვეყანას არ დასჭირვებოდა განმეორებითი აგრესიული ტესტები და  რომ დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი და კონტროლირებადი.

“პირველი თებერვლიდან დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ, რადგან ჩინეთიდან ჩამოფრენილი პაციენტები ჩვენს ცენტრში სწორედ ამ დღეს მოვიდნენ და სახელმწიფო, ანუ მთავრობა და ჯანდაცვის სამსახური თავისი შესაბამისი სამსახურებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და თავდაპირველად მხოლოდ ჩვენი ცენტრი ეწეოდა ერთობლივად როგორც ერთი ორგანიზმი მუშაობას და პირველი ეტაპი, რასაც ჰქვია შეკავების პერიოდი, შესაშური შედეგებით დამთავრდა და სტატისტიკური მონაცემები იყო საკმაოდ დაბალი.  შევხედოთ ევროპის ქვეყნებს და ვნახოთ რა მდგომარეობაში არიან. შეკავების პერიოდი ჩვენ და ამ სტრუქტურებმა ერთად დავამთავრეთ და როცა დაგვეწყო შიდა გავრცელება, რომელიც ძალიან რთული მოსაგვარებელი იყო, სახელმწიფომ ადეკვატური ნაბიჯები გადადგა ყველა ჯერზე და ის აღკვეთის ღონისძიებები, რაც განხორციელდა, აბსოლუტურად ადეკვატური იყო. გავრცელების პერიოდიც საბედნიეროდ, კონტროლირებადია და ზომიერი მატებით. ეს სტატისტიკაც, რასაც ვაცხადებთ ყოველდღე არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი, რაც ერთად უნდა გვიხაროდეს ყველას და ეჭვები ძალიან გთხოვთ ნუ გექნებათ ნურაფერზე“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სამედიცინო დირექტორი ასევე ამბობს, რომ მიზნობრივ კვლევაში ინფიცირების მხოლოდ 25 შემთხვევის დადასტურება ნიშნავს, რომ ქვეყანა, ამ ეტაპზე, გამარჯვებულია.