“ევროპული საქართველო” ჯანდაცვის უწყებისგან განმარტებებს ითხოვს

პარტია „ევროპული საქართველო“ ბოლო დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ სამედიცინო ინვენტარის შესყიდვებს ეხმაურება. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წევრი ლევან თარხნიშვილი  ამბობს, რომ ამ უწყებამ მხოლოდ ერთ პირთან მოლაპარაკებებით, პანდემიის დროს დაფუძნებული კომპანიებისგან შეისყიდა ყველა საჭირო ნივთი.

” მაგალითად, შპს „ელიტ მედიკალი“ 2020 წლის 12 მარტს არის დარეგისტრირებული, ჯანდაცვის უწყებამ 15 აპრილს 700 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. 2020 წლის 10 აპრილს  დარეგისტრირებულ შპს „შილდს“  ჯანდაცვის სამინისტრომ 15 აპრილს 90 000 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა. შპს „ტნკ“ დარეგისტრირდა 2020 წლის 12 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტრომ 13 აპრილს 40 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა.  საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული კომპანიები ინტერნეტ სივრცეში არ იძებნებიან და არც  სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არიან რეგისტრირებული და  არც მსგავსი საქმიანობის გამოცდილება აქვთ, რაც აჩენს კითხვებს, რა კრიტერიუმებით მოხდა ამ კომპანიების შერჩევა და როგორ მოიძიეს საქართველოს ბაზარზე. ასევე, არსებობს კომპანიები, რომლებსაც ერთ პირთან მოლაპარაკებებით გაუფორმდათ ხელშეკრულებები ხოლო მათი მფლობელები არიან „ქართული ოცნების“ შემწირველები მაგალითად: შპს weekend-ს ჯანდაცვის სამინისტრომ გაუფორმა 1 329 680 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება. კომპანიის დამფუძნებელმა ბონდო გოლეთიანმა 2018 წელს 25 000 ლარი შეწირა სალომე ზურაბიშვილის სარჩევნო კამპანიას. შპს „დოქტორ გუდსს“ ჯანდაცვის სამინისტრომ 750 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. აღნიშნული კომპანიის 49%-ის მფლობელი კი  “სტარტაპ საქართველოა”, რომელიც საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის, – განმარტავს ლევან თარხნიშვილი.