რეფორმატორები საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვენ

“რეფორმატორები” საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვენ და განცხადებას ავრცელებენ:

კოვიდ19-ის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ყველაზე მეტად დაარტყა ქვეყნის ყველაზე უფრო ღარიბ მოსახლეობას, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს და პენსიონრებს.

ყოველდღიურად, ასობით სოციალურად დაუცველს, ვინც მუნიციპალური სასადილოებით სარგებლობს, პირდაპირი მნიშვნელობით, ლუკმა პურისთვის უწევთ ფეხით კილომეტრების გავლა სახლიდან სასადილომდე და უკან. მათ შორის არიან ხალხი ვისაც საერთოდ არ შეუძლიათ არა თუ შორ მანძილზე გადაადგილება, არამედ ზოგადად ფიზიკური დატვირთვა. ასეთი ხალხისთვის პრაქტიკულად ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ ეფექტური გამოსავლის პოვნა.

მოსახლეობა ვისაც მანქანა არა ჰყავს და ასეთია აბსოლუტური უმრავლესობა, არა აქვს საშუალება გადაადგილდეს ქალაქის ერთი უბნიდან მეორეში. აუცილებელი რაციონის საყიდლად მიაკითხოს აგრარულ ბაზრებს, სადაც ფასები პროდუქტებზე, ძირითადად ბევრად იაფია და ხშირ შემთხვევაში 50%-ს აღწევს ფასების სხვაობა, უბნის მარკეტებთან და დიდ სუპერმარკეტებთან შედარებით.

რეალურად, ქვეყნის და ამ შემთხვევაში დიდი ქალაქების და თბილისის მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ხელშეწყობა, იმყოფება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმ ხალხთან შედარებით, ვისაც გადაადგილების საშუალებები გააჩნიათ და შეუძლიათ უპრობლემოდ გადაადგილდნენ ნებისმიერ ადგილზე ქალაქში, სადაც მოისურვებენ. გარდა ამისა, ამ უკანასკნელთ ხშირ შემთხვევაში, არც იმის გაჭირვება აქვთ დანარჩენებთან შედარებით, სუპერმარკეტებში შეიძინონ პროდუქტი და სიიაფის გამო უბნიდან უბანში არ გადაადგილდნენ.

რეალურად იმ ხალხისთვის, ვისთვისაც გადაადგილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არა აქვს ამის საშუალება და ვისაც ამის ნაკლები საჭიროება აქვს ისინი უპრობლემოდ გადაადგილდებიან.

ხელისუფლების არაადექვატურ სოციალურ პოლიტიკას, რაც ნათლად არის გამოხატული ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმაში, სადაც პრიორიტეტები არა ხალხის სასიკეთოდაა გადანაწილებული და ემსახურება სახელისუფლო ბიზნესების ხელშეწყობას, მოსახლეობის იმ კატეგორიის დახმარებას, რომელიც სხვადასხვა ფორმით დაახლოვებულია სახელისუფლებო რგოლებთან, ემატება აბსოლუტურად გაუგებარი გაჭიანურება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა განსაკუთრებით მიმდინარე კვირიდან, მოიხსნა რიგი შეზღუდვებისა და რაც დარჩა რეალურად არ ხორციელდება მათი ეფექტური კონტროლი, ქალაქი პრაქტიკულად გადაიჭედა მანქანებით, გაიხსნა მაღაზიები და სხვა ობიექტები.

ანუ გვაქვს ასეთი რეალობა, შეზღუდვებისგან განთავისუფლდა ადამიანები, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაკლებად იყო და გაუსაძლის მდგომარეობაშია ხალხი, ვისაც უტრანსპორტობა პირდაპირი მნიშვნელობით სულს ხდის!

შექმნილი მდგომარების და გარემოებების გათვალისწინებით ჩვენ ქალაქის ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, სასწრაფოდ აღადგინეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქში! დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა მეტრომ და საქალაქო ავტობუსებმა, სადაც საკმაოდ მარტივია მოსახლეობამ დაიცვას საზოგადოებრივი და პირადი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესები.

მივმართავთ პირადად თბილისის მერს კახა კალაძეს, თავი დაანებეთ ქალაქის, უაზრო ხუშტურებით მართვას და მიიღეთ გადაწყვეტილებები, რაც აუცილებელი და საჭიროა მოსახლეობის უმრავლესობისათვის და არა მხოლოდ ქალაქის მდიდარი, შეძლებული, მცირე ნაწილისთვის!