18 წლის ზემოთ მიეცეს 1000 ლარი, ყველა ბავშვს – 500 ლარი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სოციალურ-ეკონომიკური სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას მართავს. ენმ-ს ხედვა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ წარმოადგინა. ნიკა მელიას თქმით, შექმნილ კრიზისულ ვითარებაში აუცილებელია განხორციელდეს სწრაფი მხარდაჭერის გეგმა, რაც შემდეგს ითვალისწინებს: ყველა მოქალაქეს 18 წლის ზემოთ მიეცეს 1000 ლარი, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლთაც შემოსავალი აქვთ 40 ათასი ლარი და ზემოთ. ასევე ყველა ბავშვს უნდა გაეწიოს დახმარება 500 ლარის ოდენობით.

“ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ზამთარი იყო, როცა კრიზისმა იფეთქა, ზაფხულში შევდივართ და ჯერ არაფერი არაა. კრიზისამდე ისედაც ვიცოდით, რომ მოსახლეობის 50% ისედაც ვალით შეხვდა ამ კრიზისს. ამიტომ კეთილი ინებეთ ხელისუფლებავ, ეს არის მისხალ-მისხალ დათვლილი, თუ როგორ უნდა გავუმართოთ ხელი საკუთარ ხალხს. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, დატოვეთ ის სამუშაო ოთახები და გამოდით სანამ დროა. თქვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ ამ ხალხს დაეხმაროთ, თუ ვერ ეხმარებით დაეხმარება სხვა,”- განაცხადა ნიკა მელიამ.