გამოფხიზლდით!!! – 11 ივნისს, 12 საათზე მთიულეთში საპროტესტო აქცია გაიმართება

11 ივნისს აქციაა დაანონსებული. ადგილობრივები მიმდინარე  მშენებლობას აპროტესტებენ.

დუშეთის მუნიციპალიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომ მათ არანაირი ნებართვა და თანხმობა არ გუციათ.

გვსურს გამოვეხმაუროთ სოფელ ნაღვარევის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქოსდა მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას:

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ეკლესიასთან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დაწყებული უნებართვო მშენებლობა შეჩერდა თავიდანვე სწორედ დუშეთის მუნიციპალიტეტისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გაფრთხილების საფუძველზე.

დუშეთის მუნიციპალიტეტს აღნიშნულ ადგილზე რაიმე სახის ობიექტის მშენებლობისთვის არცერთი კომპანიისთვის ნებართვა არ გაუცია. ამჟამად მიმდინარეობს საკითხის სრული შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები და ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სოფელ ნაღვარევის ეკლესიასთან მშენებლობა არ წარმოებს და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ეკლესიის დანგრევის საფრთხის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. დუშეთის მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს, რომ სოფელ ნაღვარევის ეკლესიას შეექმნას რაიმე საფრთხე.

ამ ფაქტს ეხმიანება გოგა ჩანადირიც და წერს:

-მთიულეთში, ნაღვარევში, ისტორიულ ძეგლთან მშენებლობა მართლა დაწყებულია.
ჩინურ საგზაო კომპანიას დაუწყია, რომელმაც ხადის ხეობაში გზა უნდა შეიყვანოს.
დუშეთის მუნიციპალიტეტი განცხადებას ავრცელებს, მშენებლობის ნებართვა ჩვენ არ გაგვიციაო.
მაშ რა ხდება?
ნაღვარევში სამასმა მთიულმა არაგველმა საბრძოლო ფიცი დადო. ლომისაზე ასვლას ვერ ასწრებდნენ და იმიტომ.
მეწყერმა მთელი ფერდობი დააცურა და ნაღვარების ტაძარს ბზარი არ გასჩენია.
მთიულთა უძვირფასესი სალოცავია. არავის აზრადაც არ უნდა მოუვიდეს, რომ მანდ რამე ააშენოს.
გამოფხიზლდით!!!
ლომისობის მომდევნო დღე სალოცავის დღეა. წელს 11 ივნისს ემთხვევა. სწორედ ამ დღეს, 12 საათზე მთიულეთში საპროტესტო აქცია გაიმართება.

ფოტო გოგა ჩანადირის