დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატი დაკავებულია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, არსებული ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატმა ორი თანასოფლელი ცივი იარაღიათ დაჭრა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. უწყება განცხადებას ავრცელებს:

-შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი – 1982 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს და 1994 წელს დაბადებულ მ.ჭ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატის გია ჭინჭარაულის მიერ დაჭრილი ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ერთი დაშავებული თბილისშია გადმოყვანილი.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ერთ-ერთ ოჯახში სუფრაზე სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა, რაც ფიზიკურში გადაიზარდა. ადგილობრივების თქმით, დეპუტატს ძმები ჭინჭარაულები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც 38 წლის გიორგი ჭინჭარაულმა დანა თავდაცვის მიზნით გამოიყენა. არსებული ინფორმაციით, გუშინ სოფელში დღეობა აღნიშნეს და ძმები ჭინჭარაულები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.