არჩევნები ახლოვდება, იფიქრეთ ამაზე, ბატონებო!..

ოთარ ფანცულაია

სოხუმელი

დევნილები არ ენდობიან პოლიტიკოსებს, არც იმათ, ვინც მათი პრობლემების მოგვარებით გულწრფელად ინტერესდება. ისინი ბევრჯერ მოატყუეს, ყოველი ახალი ხელისუფლება, ყოველი ახალი საკადრო ცვლილება ტრადიციულად ახალი პრობლემების და სირთულეების წყაროს წარმოადგენს. ისინი დაიღალნენ.. ბევრი იბრძოლეს, ბევრს ეცადნენ, მაგრამ არც პოლიტიკურ წრეებში, არც საზოგადოებაში, მათ გულშემატკივარი და თანამდგომი არ გამოუჩნდათ. ხოლო თუ ვინმე გამოჩნდა, მათაც ეჭვის თვალით აფასებენ.
🔘იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც იძულებით დატოვეს საკუთარი მიწა-წყალი და იქცნენ დევნილებად, 400 000 აღემატებოდა. გაუსაძლის პოლიტიკურ და სოციალურ პირობებში ცხოვრების გამო მათგან დიდმა ნაწილმა უცხოეთს მიაშურა. მოგეხსენებათ, საზღვრის კვეთა მათი სტატუსის შეჩერებას იწვევს. მთავრობის ინტერესში შედის ნაკლები დევნილის არსებობა, ვინაიდან ამგვარად შემწეობა გაიცემა ნაკლებ ბენეფიციარზე, რა გზითაც იზოგება საბიუჯეტო სახსრები (შემწეობა 45 ლარი, ანუ 15 დოლარი). ოფიციალური სტატისტიკით დღეისათვის რეგისტრირებულია 273411 დევნილი. ეს იმ გარემოების ფონზე, როცა გარდაცვლილთა და ახალშობილთა რაოდენობის შეფარდებით ყოველწლიურად მათი რიცხვი 3000-ით იზრდება.
ალბათ ბევრს გახსოვთ ს.სუბარის სიტყვა, როდესაც ახალშობილი დევნილებისათვის სტატუსის გაუქმება იგეგმებოდა: “რა ვქნათ, თქვენ მრავლდებით..”
🔘გალის ქართული მოსახლეობის ჩათვლით და მცირე ცდომილების გათვალისწინებით ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა რაოდენობა დაახლოებით 550 000 შეადგენს.
თავის დროზე სავსებით შესაძლებელი იყო მათი განსახლება თუნდაც ქვემო ქართლში, ისინი შრომისმოყვარენი არიან, მათ იციან ოფლით მოპოვებული ლუკმის ფასი, ქვა-ღორღიან მიწასაც კი ააყვავებდნენ, მაგრამ წლების მანძილზე მათი დევნა და იგნორირება არ შეწყვეტილა. იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც თანამდებობებზე ინიშნებიან და აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა აბარიათ, რეალურად ვითარების გამოსწორების მიმართ ინტერესი არ გამოუჩენიათ.
არსებული ტემპებით დევნილთა მუდმივი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა 25-27 წელიწადში დასრულდება..
🔘არ არსებობს ერთიანი მართვა. დევნილთა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე ძალიან ბევრი უწყება მუშაობს, მაგრამ პასუხისმგებლობას ამ ადამიანების მდგომარეობაზე არავინ არ იღებს საკუთარ თავზე. ხალხს უწევს უშედეგო სირბილი უწყებიდან უწყებაში.. ამასთან დევნილებს არ აქვთ საშუალება თავად აირჩიონ ნდობით აღჭურვილი წარმომადგენლები სამთავრობო ორგანოში, რომელიც მათი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებდა.სხვადასხვა უწყებებში არსებული კორუფციული სქემები და ტოტალური არაკეთილსინდისიერება კიდევ უფრო აძლიერებს ნიჰილიზმს ყველასგან ზურგშექცეულ ადამიანებში..
საქმე დაპირებებს არ სცდება. ხშირ შემთხვევაში დევნილთა არსებობა წინასაარჩევნოდაც კი ავიწყდებათ.
🔘ეს რთული და მგრძნობიარე თემაა. პოლიტიკოსებს, რომელთაც აქვთ მოტივაცია იზრუნონ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე, მართებთ ძალიან დიდი მოთმინება და ძალისხმება. მათ უნდა მოიპოვონ დევნილთა ნდობა.
არჩევნები ახლოვდება. იფიქრეთ ამაზე ბატონებო..