დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა

მარნეულში ისევ დაძაბულობაა. “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიატრი დეპუტატობის კანდიდატი ახმედ იმამ ყულიევი მარნეულში პრემიერ-მინისტრის ჩასვლას ითხოვს და მომხდარ დაპირისპირებაში ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას.

 იმამყულიევის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მარნეულში მარცხი უნდა აღიაროს. მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე შეინიშნებოდა კუნთმაგარი ადამიანების მობილიზებაც.

პარალელურად, შს სამინისტრომ მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

შსს: დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა

უწყების ინფორმაციით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ-აჯლოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.

“ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს.

დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა.

საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს.

ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. ყველა იმ აქტივისტის მიმართ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები”- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება