ჩვენ შემოვიტანეთ ახალი რეგულაციები ქალთა და მამაკაცთა პოლიტიკაში…

2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში” მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები დაჩქარებული წესით რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს, კანონპროექტს 94 მომხრე და 1 წინააღმდეგი ჰყავდა.

კოდექსში შეტანილი ცვლილებებით სავალდებულო ხდება პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლის შეყვანა. ასევე აკრძალული ხდება კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩევნო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც. ცვლილებების თანახმად 100 ლარამდე თანხით ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა.

“ჩვენ გავითვალისწინეთ ეუთო/ოდირის ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც სამუშაო ჯგუფში შეთანხმება იქნა მიღწეული. უმჯობესდება საარჩევნო გარემო, იცვლება კამპანიის ჩატარების წესები, შემოდის ისტორიული გადაწყვეტილება პარტიების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით, რომელზეც, სამწუხაროდ ჯერ არ გვინახავს ოპოზიციური პარტიების გამოხმაურება. ჩვენ შემოვიტანეთ ახალი რეგულაციები ქალთა და მამაკაცთა პოლიტიკაში და პარლამენტში თანაბარი მონაწილეობის ხელშესაწყობად შევცვალეთ საარჩევნო დღესთან დაკავშირებული რეგულაციები და ძალიან საყურადღებოა, რომ გავამკაცრეთ საარჩევნო კომისიაში პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების კრიტერიუმები,” – განაცხადა თალაკვაძემ.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისთვის, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა ეკრძალებათ.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მედია-კამპანიისა და პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი საეთერო დროის მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებს.