პრემიერი: მინდა, ყველა პოლიციელს, ამ გმირული საქციელისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო

გიორგი კვირიკაშვილი ინგოროყვას კლინიკაში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან ერთად იმყოფებოდა. მან მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე დაპირისპირების შედეგად დაშავებული, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რამინ ისმაილოვი მოინახულა.

პრემიერმა რამინ ისმაილოვს ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ, მარნეულში, უხეში ძალა შეგნებულად არ გამოიყენა.

“ჩვენმა პოლიციამ, ძალიან დიდი გმირობის ფასად, თავიდან აგვაცილა ძალიან სერიოზული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია და მინდა, ყველა პოლიციელს, ამ გმირული საქციელისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

ჩვენ შეგნებულად არ გამოვიყენეთ იქ უხეში ძალა, იმისთვის, რომ დღევანდელი არჩევნები ჩაგვეტარებინა ევროპულად, ძალიან მაღალი ხარისხით და ვფიქრობ, ამ უმთავრეს მიზანს მივაღწიეთ. ეს არის სწორედ ასეთი ადამიანების გმირობის ხარჯზე, როგორიც არის ბატონი რამინ ისმაილოვი. მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. იგი აუცილებლად მალე გამოჯანმრთელდება. მინდა, ყველა მოქალაქეს მივულოცო ის, რომ საქართველომ დღევანდელი არჩევნები ღირსეულად ჩაატარა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარის დატოვება