„მაღალმთიანი დასახლების სტატუსს კიდევ 59 დასახლებული პუნქტი მიიღებს”

გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძისა და დმანისის მუნიციპალიტეტების 59 დასახლებული პუნქტი მაღალმთიანი დასახლების სტატუსს მიიღებს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„მაღალმთიანი დასახლების სტატუსს კიდევ 59 დასახლებული პუნქტი მიიღებს. ეს არის გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძისა და დმანისის მუნიციპალიტეტები. 256 000 მოქალაქეს, რომლებიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობენ, დაემატება კიდევ 26 000 მოქალაქე. ამასთან ერთად, გორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში ეს იქნება 19 დასახლებული პუნქტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გურიაში, გომისმთა ასევე მიიღებს ჯერ დასახლებული პუნქტის, შემდეგ კი მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსს“, – განაცხადა გახარიამ.