პრემიერი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა

„ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ტრაგედია სცდება ოჯახს და ეს ხდება ქვეყნის ტრაგედია.

პრემიერმა მომხდარს ტრაგიკული მოვლენა უწოდა.

გიორგი გახარიას განცხადებით, პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახს და მეტი პასუხიმგებლობით მოვეკიდოთ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს.

რაც შეეხება გამოძიების მიმართულებას, პრემიერის შეფასებით, აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის საკითხი.

„შსს-ს კიდევ ერთხელ მინდა დავავალო, მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირება. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს ეს გარკვეული სპეკულირებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში სწრაფი გამოძიება, ეფექტური გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიული ინფორმირებულობა პირველ რიგში ოჯახის და შემდეგ საზოგადოებას“, – აღნიშნა პრემიერმა.