ის პროკურორი, რომელიც არაეთიკურად მოქმედებდა, საქმეს ჩამოშორდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა გენერალურ პროკურატურაში კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს.

პასუხგაუცემელ კითხვებზე განმარტებებს გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს სთხოვდნენ.

“საკმაოდ სერიოზული საუბარი გვქონდა მთავარ პროკურორთან და მის მოადგილეებთან. ყველა თემაზე დეტალურად ვისაუბრეთ. მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია, მე გადმომეცა მოცულობითი დოკუმენტაციები იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება საზღვარგარეთიდან მოთხოვნილ ინფორმაციებს, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ქსელებთან. ეს დოკუმენტები ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენს.

ამავდროულად მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის პროკურორი, რომელიც არაეთიკურად მოქმედებდა, საქმეს ჩამოშორდა. მინდა ვთქვა, რომ ეს შეხვედრა პროკურორთან ბოლო არ არის. პროკურორს სრული ინფორმაცია მივაწოდე ვიდეო ჩანაწერებზეც. იგეგმება ძალიან ხშირი კონტაქტი ჩვენი მხრიდან პროკურატურასთან. იყო საუბარი ავტომობილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით, საქმეში კი, აუცილებლად ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები. ვგულისხმობ FBI-ის წარმომადგენლებს,” – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.