ამოქმედდა საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები

საქართველოს პარლამენტის არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამისი სამართლებრივი აქტი საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა.

საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებისთვის მზადება უკვე დიდი ხანია დაიწყო და დღეიდან ოფიციალურად იწყებს ყველა იმ პროცედურის განხორციელებას, რომელიც აუცილებელია არჩევნების ორგანიზებისთვის.

ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისათვის, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გაიარა 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ. ამასთან, გარკვეულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 4 სექტემბრისა.

დღეიდან, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელებს აქვთ შესაძლებლობა რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს 4 სექტემბრისა. ცესკოს მიერ განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფების მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერების მინიმალური ოდენობაც.

როგორც პრეს-სპიკერმა განაცხადა, პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ყველა ის სამართლებრივი რეგულაცია, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.

დღესვე ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. ცესკოს მიერ ასევე განისაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში და თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებას საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში.