პროკურატურამ შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 1 პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 1 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილი განმარტა, გამოძიების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე დადგინდა, რომ ვ.ა.-მ საკუთარი თავის საჯარო წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს ცრუ ინფორმაცია შეგნებულად მიაწოდა.

„2020 წლის 15 ივლისს, ვ.ა. დაუკავშირდა მედიასაშუალებას და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი – თითქოსდა რამდენიმე საათით ადრე, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, შეესწრო 4 უცნობი პირის საუბარს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან. მისი თქმით, თითქოს საუბრისას ნახსენები იყო შაქარაშვილისა და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პირის გვარი, რომელიც, მათივე შეფასებით, ცუდად მოიქცა. დაკავებულის თქმით, ასევე, თითქოს საუბარი იყო გაურკვეველი ნივთის გადაგდებაზე და ნახსენები იყო შემდეგი ფრაზები: „ბიჭო, შაქარაშვილების ოჯახმა კიდე კაი არ გაიგო, თორემ მაგრად დაგვარტყამდა“. „ბიჭო ის ხო გადააგდე“. ამ დროს თითქოსდა ერთმა მოსაუბრემ ხელი ჰკრა მეორეს და უთხრა: „გაჩუმდი“, – განაცხადეს პროკურატურაში.

ვ.ა. საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოიკითხა სამჯერ, რა დროსაც გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია შეხვედრის ადგილმდებარეობასთან, პირთა აღწერილობასთან, მათი საუბრის შინაარსთან და მოქმედებებთან დაკავშირებით, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა ის ადგილი, სადაც თითქოსდა მოისმინა მისთვის უცნობი პირების საუბარი.

თუმცა მისი ჩვენების გადამოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ვ.ა. დროის იმ მონაკვეთში, როდესაც თითქოსდა უცნობის პირების საუბარი მოისმინა, საკუთარ ბინაში იმყოფებოდა და სახლიდან არ გასულა. შესაბამისად, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ვ.ა.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.