საოკუპაციო ძალების მორიგი დესტრუქციული ნაბიჯი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა “ცხელი ხაზი” და მოთხოვნილ იქნა უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

“საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.