ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის სრულიად აბსურდული – უწყების განცხადება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისა და მათი პარტიული ტელევიზიის, „მთავარი არხის“ მხრიდან, საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ მორიგ ცილისმწამებლურ და აბსურდულ ბრალდებას, თითქოსდა სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და ცდილობდა ოპოზიციის წარმომადგენლის დაშინებას.

ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის სრულიად აბსურდული და თავდაცვის ძალების რეპუტაციის დაზიანებისკენ მიმართული. რაც შეეხება ფაქტს, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო პოლიციის გამომძიებელსა და კონკრეტულ მოქალაქეს შორის ადგილი ჰქონდა საგზაო ინციდენტს და ამ ფონზე სიტყვიერ შელაპარაკებას. აღნიშნულ ფაქტზე შსს-ს მიერ დაწყებულია გამოძიება, რომელთანაც სამხედრო პოლიციის თანამშრომელი სრულად თანამშრომლობს. გამოძიების დასრულებამდე, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ტიპის სპეკულაციები და ცილისწამება არის სრულიად მიუღებელი.