ბოკერიას პარტიასთან, ბარიერს მიღმა დარჩენილებთან რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როგორც უშუქობა დაგვავიწყდა ისე თუ დაგვავიწყდება არჩევნების გაყალბება და შეთანხმება შედგება კი, ჩვენ შევალთ პარლამენტში – ელისაშვილი

არ არის გამორიცხული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ჩაიშალოს. ჩვენ დავიწყეთ საუბარი  იმ ოპოზიციონერებთან, რომლებსაც პასუხისმგებლობის განცდა აქვთ და ასევე, რომლებსაც წყლის ამღვრევა არ უნდათ  ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

როგორც ელისაშვილი განმარტავს, არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც წყლის არევა სურთ და  თითქმის, მიღწეული შედეგი მმართველ გუნდთან, წყალში გადაყარონ.

„ბოკერიას პარტიასთან, ბარიერს მიღმა დარჩენილებთან რაზე უნდა ვილაპარაკოთ. ხალხი, რომელიც უბრალოდ წყალს ამღვრევს მათთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.

შეთანხმება მხოლოდ შეთანხმებისთვის არ არის. მარტივი ამბავია, მმართველ გუნდთან 4 ფუნქტით მივედით,  ოთხიდან სამი არის უპრინციპულესი – პოლიტპატიმრების საკითხი, რომელიც დაძრულია უკვე და უშვებენ ნაწილს,  საარჩევნო სისტემის ცვლილება, მათ შორის ელექტრონული არჩევნები და ის პუნქტები, რაც მის სათაურქვეშ იგულისხმება, არის საშვილიშვილო ამბავი. სხვა რომ ვერაფერი ვერ გავაკეთო პოლიტიკაში და არაფერი არ გამომივიდეს, არჩევნებს თუ სანდოობა დაუბრუნდება და არჩევნების მეორე დღეს არ მოხდება ის, რაც 30 წელია ხდება – გამოვდივართ და ვყვირივართ, ეს ყველაფერი თუ მოიხსნება და დალაგდება, როგორც უშუქობა დაგვავიწყდა როგორი იყო, ისე თუ დაგვავიწყდება არჩევნების გაყალბება, ეს პატარა ამბავია? ვის ეპატარავება ეს ძალიან მაინტერესებს. იმიტომ ვამბობთ, რომ ამას ხელს თუ მოვაწერთ კი, ჩვენ შევალთ პარლამენტში და დანარჩენებიც უნდა შემოვიდნენ.

ძალიან არ გვინდა, რომ მეხუთე რაუნდი ჩაიშალოს. აქეთ ოპოზიციამ თუ ფეხები აბაკუნა და რევოლუცია იძახა და იქით „ქართული ოცნებაც“ არ მოვიდა შეხვედრაზე, რაღაც იქნება შესაცვლელი. ძალიან მნიშვნელოვანია მეხუთე რაუნდი, რათა იქიდან „ოცნებას“  ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა გამოვგლიჯოთ. ის, რაც 30 წელია გვინდა მაგიდაზე გვიდევს და ვიღაცეებს უნდათ, რომ გადაყარონ,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.