ბიძინა ივანიშვილი – ყველაზე დიდი ქველმოქმედება რაც გამიკეთებია ეს არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა და „ნაცმოძრაობის“ გაშვება

ყველაზე დიდი ქველმოქმედება რაც გამიკეთებია ეს არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილი განმარტავს, 2012 წელს მან, თავისი თავი და ოჯახის სიცოცხლე გადადო და სასწორზე დადო

„დაგროვილი ფულის ხარჯვა კიარ მომიწია, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი  და ჩემი ოჯახის სიცოცხლე დავდე სასწორზე და მე ვთვლი, რომ ვაჩვენე ყველაფერი თუკი შეიძლება ადამიანმა აჩვენოს. მენეჯმენტში მე ჩემი ნიჭი და გამოცდილება ვაჩვენე.

მე მახსოვს, პოლიტიკაში მოსვლისას გამოცდილი მინისტრები დამხვდნენ, რომლებიც მაწვებოდნენ, რომ საჯაროდ გამოსვლები, მიტინგები დაგვეწყო. ძლივს ვაჩერებდი სიტუაციას. სანამ, ჩემებურად არ გადავალაგე და სწორედ გადავალაგე, მრჩეველები მყავდა, რომლებიც  დღესაც იჩემებენ რომ რაღაც იციან, მეუბნებოდნენ რომ გამოიყვანე ხალხი ქუჩაში და რომ არ მომეშვნენ, ყოფილი თანაპარტიელები შევაგროვე და ვკითხე რომელ კუთხეში ხარ ყველაზე მაგრად რომ ხალხი გამოიყვანოთ – მეთქი და მითხრეს, რომ  ბორჯომში იყვნენ  – გავუშვი კიდეც. 10 კაცი ვერ მოაგროვეს და რომ დაღამდა 25 კაცამდე ავიდნენ. იმდენად დაშინებული იყო წინა ხელისუფლების დროს  ხალხი, თვითონ კი მშიშრები იყვნენ,“- განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთანავე, მისი თქმით, 2012 წელს  ძლიერი მენეჯერის ყველა თვისება გამოამჟღავნა  და ხალხის მობილიზება მოახდინა.

„თუ ვინმეს პროცესების შეფასება შეუძლია და მენეჯმენტი ესმის, მე შემიძლია ვიტრაბახო, მაშინ მე ვაჩვენე ყველა თვისება ძლიერი მენეჯერის და  ხალხის მობილიზება გავაკეთე. ეს არ მომხდა რა თავისით, რა თქმა უნდა, ხალხს განწყობა ჰქონდა, ჩემი და ჩვენი გუნდის წვლილი აქ შეიძლება, ნახევარი იყოს. იმხელა თავყრილობა ჩვენს საზოგადოებას არ ახსოვს. ამბობენ, რომ 700 000 ადამიანი იყო გამოსული. ხალხი ყავარჯნებით გამოვიდა იმდენად გამწარებული იყო და  აი, ეს არის ჩემი პოლიტიკური ქმედების მწვერვალი, ამ ყველაფრით წავიდა „ნაციონალური მოძრაობა“ და არა იმით, რომ ვითომ, მშვიდად წავიდა. რა თქმა უნდა, ჩვენი სამეგობრო  ამერიკიდან ძალიან აქტიური იყო, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ჩამოდიოდა.  საწყის ეტაპებზე ბევრი პოლიტიკოსი მეუბნებოდა, რომ დავჯერებოდი ოპოზიციას და მერე ყველაფერი კარგად იქნებოდა.

მე ჩვენს ამერიკელ მეგობრებს დავულაგე სპუტნიკიდან გადაღებული კადრები და ვაჩვენე ხალხის მასა და ვუთხარი – მე ამის გამჩერებელი არ ვარ, ეს ხალხი არ გაჩერდება, მე მათ გაჩერებას არ ვეცდები, არასწორი იქნება-მეთქი.

დღეს, ტრაბახობემ რომ მშვიდად წავედითო, რისი წამსვლელები იყვნენ,  სისხლს დაღვრიდნენ  ორი იმდენს, რაც მანამდე ჰქონდათ დაღვრილი. ჩვენ მათ გასასვლელი არ მივეცით, რადგანაც  რეალური ძალის მობილიზაცია მოხდა და არა ყალბი.

რისკები უდიდესი იყო.  ჩემი დაცვის წევრები, რადგანაც გამოუცდელები იყვნენ  თავიანთი  „მეგობრები“ „უყრიდნენ“  და ეუბნებოდნენ, რომ თუ ხიდზე გადავიდოდი ამაფეთქებდნენ. ნუ გეშინიათ, მე გადავალ პირველი-მეთქი. დღეს ყველა ახსენებს, რომ პასუხისმგებლობის მეშინია და იმიტომ მივდივარ.  სადაც გაცლაა საჭირო მე იქ ვეცლები, მაგრამ ის, რაც მოხდა 2011 – 2012 წლამდე ყველაფერი გონებით დავალაგეთ სწორედ, თუმცა ხიფათი დიდი იყო.  „ნაციონალური მოძრაობა“ მშიშარა ხალხით ჩამოყალიბებული გუნდია. მათ, შიშის ფონზე  ნახეთ რა დღეში ჩააგდეს საზოგადოება. უშიშარი კაცი ასე არ მოექცევა მავანს, არათუ თავის თანამოძმეს, მშიშარაა საშინელება. თუ ქველმოქმედება გამიკეთებია სწორედაც რომ აქ გავაკეთე, როდესაც ისინი გავუშვით.

მე ვამაყობ, რომ ძლიერი მენეჯმენტი ჩავატარეთ და ღირსეულად ვძლიეთ მოძალადეებს, რომლები დღეს საცოდავ დღეში არიან,“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.