ოთარ ფარცხალაძე სანქცირებული, ალბათ, დარჩება როგორც რუსეთის მოქალაქე – ნათია თურნავა

ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ეროვნული ბანკის “საგამონაკლისო სიიდან” გამოირიცხება, -ამის შესახებ როვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია ტურნავამ განაცხადა.

მისი  განცხადებით, ფარცხალაძე სანქცირებული დარჩება.

ამით მან უპასუხა კითხვას, როგორ გადაწყდება ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა, როცა იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტთან გააგზავნა დასკვნა და როგორც ჩანს, მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება.

“მე ვფიქრობ, მაგრამ, ალბათ, უფრო სამართლებრივად უნდა განიმარტოს, ის სანქცირებული ალბათ, მაინც დარჩება როგორც რუსეთის მოქალაქე, რადგან სანქცია კონკრეტულად პიროვნებაზე იყო გავრცელებული, თუმცა იურისტები ალბათ, უკეთ განმარტავენ. ჩვენი საგამონაკლისო წესიდან ის ცალსახად გამოირიცხება. ჩვენ გამონაკლისს ვუშვებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებზე. მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ისარგებლებს სანქციის “გადავადებული მოქმედებით” – არა უპირობო, არამედ მხოლოდ იმ პირობით, თუკი არსებობს ყველა პროცედურა ქვეყნის შიგნით გავლილი, სასამართლოს გადაწყვეტილების ჩათვლით. მასზე [ფარცხალაძეზე] ეს აღარ გავრცელდება, როგორც ჩანს, თუ მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა დასრულდება”, – განაცხადა თურნავამ “იმედის” ეთერში.

აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე.