ალეკო ელისაშვილი – მზად ვართ ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“ და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას

„მზად ვართ ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“ და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას“, ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს. მას აქვს მოლოდინი, რომ მეხუთე რაუნდი ჩაიშლება.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საერთოდ ჩაიშალოს მეხუთე რაუნდი და ამ შემთხვევაში თუ ჩაიშლება ჩვენ მზად ვართ ინდივიდუალურად, თუმცა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უკეთესი იქნებოდა, ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ „ქართულ ოცნებას” და ხელი მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესად.

ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, ეს არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება და საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული ცვლილება, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა, ასევე, ძალიან კარგი იდეაა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებაზე“ ჯამურად მეტს აიღებს ოპოზიცია, მაშინ ეს ავტომატურად იყოს 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ჩვენ ამომრჩეველმა პარტია „მოქალაქეებს“ მოგვცა ხმა. ჩვენ არც სააკაშვილთან, არც ივანიშვილთან და არც მით უმეტეს გიგა ბოკერიასთან არაფრის შეთანხმებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.