ზურაბ ჯაფარიძე – არ მჯერა, რომ ელისაშვილი შევა პარლამენტში ყოველგვარი წინადადებების გარეშე

ზურაბ ჯაფარიძე – არ მჯერა, რომ ელისაშვილი შევა პარლამენტში ყოველგვარი წინადადებების გარეშე – შეიძლება მე სხვა პრიორიტეტები მქონდეს, მაგრამ ალეკოს ასეთი პრიორიტეტები აქვს და ამაში არაფერია ტრაგიკული,- ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „მეტი თავისუფლება-გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს.

მისივე თქმით, რომელიმე პარტიის პარლამენტში შესვლა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ვერ განტვირთავს.

„ტრაგიკულად არ ვუყურებ იმას, რომ რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ ან პარტიებმა გადაწყვიტონ პარლამენტში შესვლა. პირველ რიგში, არ მჯერა, რომ ალეკო ელისაშვილი შევა პარლამენტში ყოველგვარი წინადადებების გარეშე, მაშინ აქამდეც შევიდოდა. ის ამბობს, რომ მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო წესების ცვლილება, რომ ფიქრობს, ამაში ღირს მისი ბოიკოტის გაცვლა და მგონია, რომ ეს ნორმალურია. შეიძლება ჩემთვის არ ღირდეს და სხვა პრიორიტეტები მქონდეს, მაგრამ ალეკოს ასეთი პრიორიტეტები აქვს და ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის. უბრალოდ მე არ მგონია, რომ პარლამენტში შესვლამ განტვირთოს ქვეყნაში არსებული პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური კრიზისი იმის გამო კი არ გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის რეჟიმში არიან, კრიზისი გვაქვს იმის გამო, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ელოდებოდა ამ არჩევნების შედეგად სიახლესა და ცვლილებებს და ამ ცვლილებების იმედის შანსი ჩნდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ხელისუფლება შეიცვლებოდა. ახლა მოსახლეობის ნახევარზე მეტი არის იმედგაცრუებული, რომ დაკარგა ეს შანსი და ხელისუფლებამ უთხრა, რომ არ გაქვთ ამ იმედის უფლებაო, ჩვენ ვრჩებით ხელისუფლებაში და შესაბამისად, გავაგრძელებთ ისევ ისე, როგორც აქამდე ვიყავითო,“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.