სოფელ ბუკნარში არსებული დაპირისპირება გვაჩვენებს, რომ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაცა პროვოკატორი, რომელსაც უნდა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მსგავსი უთანხმოება –  გურიის სახელმწიფო რწმუნებული

დღეს ეს თემა საბოლოოდ უნდა დასრულდეს და მოსახლეობამ გააგრძელოს მშვიდ გარემოში ცხოვრება, – ამის შესახებ გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ზურაბ ნასარაია აღნიშნავს, სოფელში კონფლიქტი სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

„დაპირისპირება გვაჩვენებს, რომ ყოველთვის ვიღაცა პროვოკატორი გამოჩნდება, რომელსაც უნდა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მსგავსი უთანხმოება, თუმცა ჩვენ ყველა, მოსახლეობა და ხელისუფლება იმიტომ ვართ შეკრებილი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს გაუგებრობა, რომელიც ძირითადად, წამოწყებულია სოციალური ქსელით. ახალგაზრდების გაუფრთხილებელმა სხვადასხვა მიმოწერამ საზოგადოებაში განხეთქილება შექმნა. ამიტომ დღეს ეს თემა უნდა დასრულდეს საბოლოოდ და მოსახლეობამ განაგრძოს ცხოვრება მშვიდ გარემოში“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში სოფელ ბუკნარში, მუსლიმთა სამლოცველოში პარასკევის ტრადიციული ლოცვა დაიწყო. ასევე დღესვე იგეგმება  ქრისტიანი და მუსლიმი თემის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების ერთმანეთთან შეხვედრა.