ალექსანდრე კობაიძე: ლევან ზურაბაშვილის თხოვნაა, ყველა მისი იდეის მხარდამჭერი გაერთიანდეთ და იბრძოლოთ სოციალურ უთანასწორობის წინააღმდეგ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნული  ბრალდებულის თხოვნა/მოთხოვნაა გაჟღერებული.

„მოგესალმებით ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი. მისი თხოვნით ვაქვეყნებ პოსტს. ლევანის თხოვნა/მოთხოვნაა – ყველა მისი იდეის მხარდამჭერი გაერთიანდეთ და იბრძოლოთ სოციალურ უთანასწორობის წინააღმდეგ. მას სჭირდება თქვენი დახმარება იდეების რეალიზებაში და არა სასჯელის მოკლებაში. მისი სურვილია თერგივით ვიმოძრაოთ და ვიხმაუროთ.

მისი სახელით მოგიწოდებთ, ერთად ვიბრძოლოთ ლევანის სასამართლო პროცესი გაიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მის საწინააღმდეგოდ სურვილი აქვთ, რომ იგი არ დაასწრონ სასამართლოს და ონლაინ წარიმართოს პროცესები, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ლევანი. ამიტიმ დავგეგმოთ აქცია, სადაც გაჟღერდება მისი მოთხოვნები.

მისი დანაბარებია: ,,ის უფალმა გამოგზავნა და ცეცხლოვანი ჯვარი იცავს მას”.

ყველას მოგვიწოდებს ბრძოლისკენ!!”- წერს ალექსანდრე კობაიძე.

ცნობისთვის, ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 პირი მძევლად აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.