იენს სტოლტენბერგი: საქართველოს ნატო-ს წევრობა სურს და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის, ეს მხოლოდ ალიანსის და თბილისის გადასაწყვეტია

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთმა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ქვეყნების შესვლაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს, რადგან საუბარი სუვერენულ სახელმწიფოებზეა.

„რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს, დაბლოკოს ან შეაჩეროს სუვერენული სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანება“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ნატოს წევრობა სურს, რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს.

„გაწევრიანდება თუ არა საქართველო ნატოში, ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს და ალიანსს ეხება. სხვა ყველაფერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების შელახვა იქნება. ის, რაც რუსეთმა გააკეთა, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, მიუღებელია. იგივე ეხება უკრაინას: ყირიმის უკანონო ანექსია და დონბასის დესტაბილიზაცია ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს, რომლითაც მშვიდობიან და სტაბილურ მსოფლიოს ვქმნით“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.