ზაალ უდუმაშვილი – ვფიქრობ, უნდა შეწყდეს ოპოზიციას შორის დებატები, ვინ შედის პარლამენტში და ვინ არა, ყველამ უნდა მოთოკოს ნერვები და მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება

ვფიქრობ, ზოგადად უნდა შეწყდეს ოპოზიციას შორის დებატები იმ თემაზე, ვინ შედის პარლამენტში და ვინ – არა, რადგან საბოლოო ჯამში საზოგადოება გადაწყვეტს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, ვისი პოზიცია არის უფრო გამართლებული,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძარობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„ოპოზიციას ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გეგმები აქვს განსახორციელებელი, რაც არის შესათანხმებელი, ჩვენ გაზაფხულიდან ბუნებრივია, უნდა დავიწყოთ ძალიან აქტიური მიშაობა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მივაღწიოთ მთავარ ამოცანას, ეს არის ქვეყანაში ახალი არჩევნები“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ამასთან, უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ეთერში ურთიერთბრალდებები „ქართული ოცნებისთვის“ არის ხელსაყრელი და ემოციები ყველამ უნდა მოთოკოს.

„რაც შეეხება ამ ურთიერთბრალდებებს, რომლებიც ისმის ეთერში, ბუნებრივია, ასეთი ვითარება ერთადერთ ადამიანს აწყობს, ეს არის ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, თითქოსდა დაანახოს საზოგადოებას, რომ ბზარი არსებობს ოპოზიციას შორის.

ვფიქრობ, ახლა ყველამ უნდა მოთოკოს ნერვები და ინდივიდუალურად მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება. არ არის პრობლემა, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ შევიდეს პარლამენტში, გამოაცხადოს და ვინც რჩება ძველ პოზიციაზე, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები, ბუნებრივია, გავყვებით იმ გეგმას, რაც არსებობდა,”- თქვა უდუმაშვილმა.