ლარის კურსის ვარდნას მოსდევს ფასების ზრდა, მაგრამ კურსი მყარდება და ფასი არ მცირდება? რატომ?

რატომ ხდება, რომ ლარის კურსის მერყეობის დროს ფასები იმატებს, მერე ლარი სტაბილურდება და ფასები იგივე რჩება. აი შემდეგ კი, როცა ისევ შეინიშნება ლარის კურსის ცვალებადობა, ფასები ისევ იზრდება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოსახლეობის ბიუჯეტზე აისახება და თუ ასე გაგრძელდება, შესაძლოა მალე ხმელი პურიც კი სანატრელი გაგვიხდეს.

რატომ არ ხდება ლარის კურსის გამყარებისას ფასების დაწევა? ამ კითხვით ჩვენ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის წევრს,  ეკონომიკის დოქტორს, პროფესორ რატი აბულაძეს დავუკავშირდით.

 

გაცვლითი კურსის მერყეობა გავლენას ახდენს სავაჭრო ბრუნვაზე, საზოგადოების მსყიდველობითუნარიანობის შემცირებაზე, ეკონომიკურ აქტივობაზე, სამომხმარებლო ფასების ცვლილებებზე.

კვლევები ადასტურებს, რომ გაცვლითი კურსის 1%–იანი გაუფასურება იწვევს სამომხმარებლო ფასების დონის 0.28%-ით ზრდას, ხოლო გრძელვადიან პერიოდში კი – 0.43%-ით ზრდას (სებ).  ამასთან, რეალური გაცვლით კურსის 1%-იანი გამყარება იწვევს ექსპორტის მოცულობის 1.26%-იან, ხოლო იმპორტის 1.45%-იან ზრდას გრძელვადიან პერიოდში [GET Georgia, კვლევითი ნაშრომი, PP/04/2015].

სამწუხაროდ, საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის საერთო რაოდენობა 7.730 მლრდ დოლარს აჭარბებს, სადაც მარტო კვების პროდუქტების მოცულობა 1 მლრდ დოლარს აჭარბებს (საქსტატი, 2016). ამიტომ, საზოგადოებისათვის ორმაგად მტკივნეულია ვალუტის კურსის გაუფასურება კვების პროდუქტების ფასზე, რომლის ნახევარი იმპორტირებულია, ხოლო მეორე ნახევარი ადგილობრივი წარმოების. ჯამში, ვალუტის კურსის გავლენა პროდუქტების ფასებზე, „ქართული სპეციფიკით“ გამორჩევა: გაუფასურების შემთხვევაში იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მისი გამყარების დროს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ  გაცვლითი კურსის გამყარება ამცირებს იმპორტირებული საქონლის ფასს და პირიქით კურსის გაუფასურება იწვევს ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული საქონლის ფასების ზრდას (სებ). აღნიშნულ ფონზე საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, თუ კურსი მყარდება, ფასი რატომ არ მცირდება?

პასუხები შეიძლება რამდენიმე პუნქტად ჩამოვყალიბოთ:

  1. ვალუტის კურსის მკვეთრი მერყეობით გამოწვეული ეკონომიკური არასტაბილურობისა და ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკურ შედეგების ფონზე კომპანიები ადვილად ვერ იღებენ ფასების შემცირების გადაწყვეტილებას;
  2. წესით, ქვეყანაში ფასწარმოქმნის პოლიტიკას იკვლევს და თვალყურს ადევნებს კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი ზედამხედველი ორგანო. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ქართული ბიზნეს გარემოს მიმზიდველობას ქმნის ბიზნესის კეთების სიმარტივე, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადასახადების „მიმზიდველობა“, არსებული ფასწარმოქმნის პოლიტიკა, კონკურენციის სააგენტოს მიდგომები და სხვა სიკეთეები. შესაბამისად, ქვეყანაში სოციალურ -ეკონომიკური ფონისა და მოსახლეობის მცირე რაოდენობის პირობებში არ გვაქვს „ბიზნესის რეგულირების გამკაცრების ფუფუნება“ (მათ შორის ვალუტის კურსის ცვლილების გავლენა ფასზე). ამიტომ, ვალუტის კურსის მოცემულობის ფონზე ფასების ცვლილება ძირითადად დამოკიდებული ხდება ბიზნესის სოციალურ-ეთიკურ პასუხისმგებლობაზე;
  3. თეორიულად კურსის გამყარება ამცირებს ფასების დონეს, თუმცა ქართულ პრაქტიკაში კურსის გამყარება სიმეტრიულად არ აისახება ფასების დონის ცვლილებაზე (სებ);
  4. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ კურსის გამყარების პარალელურად ფასწარმოქმნის პოლიტიკა „ჯანსაღი“ არ არის, ხოლო ზედამხედველების ჩარევა პასიურია და „ხმაურიანი“. მაგალითად, შეიძლება გავიხსენოთ, კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონაწილეების 55 მილიონი ლარით დაჯარიმება, როდესაც საწვავის ფასის ადეკვატურობაზე დავა პოლიტიკურ სპეკულაციად შეფასდა (ge. #7/187, 2015). აღნიშნული მოცემულობის შემდეგ, ფასწარმოქმნის პოლიტიკაზე საუბარი „პოლიტიკურად არამომგებიან“ საკითხად იქცა. დღეს, კი მსგავსი საკითხის წამოწევას „ყველა თავს არიდებს“;
  5. დასასრულს დავძენთ, რომ თეორიულად პროდუქტებზე დაწესებული ფასები უნდა იყოს სამართლიანი, ასახავდეს თვითღირებულებასა (რაც მოიცავს ხარჯებს, მათ შორის კურსის ცვლილებას) და ზომიერ მოგებას. თუმცა, ქართულ პრაქტიკაში, თეორია რეალობასთან ძირითადად „არ თანხმდება“ ანუ წინააღმდეგობაში მოდის. შესაბამისად, პროცესების მონიტორინგი უნდა განახორციელდეს სახელმწიფოს მიერ შექმნილი მძლავრი სისტემით, რომლის გადაწყვეტილება პოლიტიკურ სპეკულაციად ვერ შეფასდება.

 

 

კომენტარის დატოვება