მარინა კალიურანდი: რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება უნდა გააუქმოს

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა ისტორიული განაჩენი სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“, 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში. ეს განაჩენი ხაზს უსვამს ორ მნიშვნელოვან ელემენტს. პირველი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს მუდმივ და ეფექტიან კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 12 აგვისტოდან. მეორე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ომის დროს და მის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალრიცხოვან და უხეშ დარღვევას, ოკუპირებულ რეგიონებში ომის დანაშაულების და ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევების გამოუძიებლობას მის მიერ, ასევე რუსეთის უარს, მიეცა შესაძლებლობა ეთნიკური ქართველებისთვის, დაბრუნებოდნენ თავიან საცხოვრებელს.

როგორც ევროპარლამენტმა არაერთხელ განაცხადა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და შეცვალოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება. როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, მან უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, რომლითაც ომი დასრულდა”, – ნათქვამია კალიურანდის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.