გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მაინც შეძლებს გადალახოს ბარიერი, რომელიც „ნაცმოძრაობამ” დაუწესა მათ და ამ ტყვეობაში აღმოჩნდნენ – გურამ მაჭარაშვილი

ვაკვირდებით პროცესს და გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მაინც შეძლებს გადალახოს ბარიერი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუწესა მათ და ამ ტყვეობაში აღმოჩნდნენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ისინი ერთი მხრივ, დაჟინებით მოითხოვენ, შეუწყდეთ უფლებამოსილება. მეორე მხრივ, ამბობენ, რომ მოლაპარაკებები შედგეს. გასაგებია, მათი ეს არაადეკვატური განცხადებები, თუმცა ჩვენ ვუდგებით პასიხისმგებლიანად. რა თქმა უნდა, დავიცავთ რეგლამენტის ყველა ნორმას, ვადაში ჩავეტევით და ისე განვიხილავთ როგორც კომიტეტზე, ასევე სესიაზე კენჭისყრაზე გავიტანთ ამ საკითხს. ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. მაგრამ, რა თქმა უნდა, მეორე მხრივ ბუნებრივია, ყველამ იცის, რომ ეს განცხადებები პოლიტიკური მდგენელისგანაა და საერთო არ აქვს რეგლამენტის მე-6 მუხლთან, სადაც შეუთავსებლობის ან სხვა საქმიანობის დაწყების გამო ხდება პირადი განცხადების დაწერა თავმჯდომარის სახელზე. ამიტომ ჩვენ გვინდა, არ დაზიანდეს ის პოლიტიკური პროცესი, რომელშიც უკვე მთელი ცივილიზებული სამყაროა ჩართული. ყველა ამბობს, მათ შორის მათი ამომრჩეველი, რომ შედით პარლამენტში და იქ გქონდეთ კამათი”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს განიხილავენ.