ივერი მელაშვილი – საქართველოს საზღვარი ერთი გოჯითაც არ შეცვლილა, ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა

ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, საქართველოს საზღვარი ერთი გოჯითაც არ შეცვლილა, -ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“უსაზიზღრესი ბრალდებაა, შესაბამისად, ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით არის ეს ყველაფერი. რაც კაბინეტში ჩაწერეს, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა და სამუშაო განხილვა. ასევე ის, რაც მერე გაახმაურეს კადრები, ვითომ რაღაც ისმის და ვის შესახებაც ვსაუბრობ. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, საკითხი ეხება სამუშაო შეხვედრას ანუ კომისიის თავმჯომარეს მისი ერთ-ერთი თანამშრომელი ხვდება. ამ თემაზე მსჯელობა არ შეიძლება იყოს გასაჯაროებული. “ნასტრაენიეს” რომ ვამბობ ანუ განწყობა იყო ერთი მხარე, რომ თანხმდება მეორესთან რაღაცაზე – ამაზე ვამბომ “ნასტრაენიას”. საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა არ იცის, არ აქვს თვალით ნანახი ის ტერიტორია, მათ შორის, მანჯგალაძესაც. ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ბრალდება როგორც ასეთი არის აბსურდული, არ ემყარება არაფერს. არავითარი საფუძველი არ აქვს ან ნატალიას ან ჩემი ან ვინმე ექსპერტის ბრალეულობა რომ არსებობდეს ფართობის გადაცემის, ან წინა ხელისუფლების მხრიდან ან იმის წინანდელი ხელისუფლების მხრიდან. ეს არის აბსურდული, რომ ვიღაც ცდილობდა ფართების გადაცემას ან რაღაც. ეს არის არარსებული ბრალდება. საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც“, – განაცხადა მელაშვილმა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასადმი აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე იმსჯელა და 20 ათას-20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.