ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ ბაზრობები დაანონსებულზე ადრე გაიხსნას

ვაკვირდებით რა იმას, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება მეტ-ნაკლებად კონტროლირებადია და დადებითობის მაჩვენებელიც უმჯობესდება, არ გამოვრიცხავთ, რომ ერთი კვირის თავზე, თუ ეს ტენდენცია სტაბილურად გაგრძელდება, ბაზრობებისთვის ოპტიმისტური გადაწვეტილება მივიღოთ და ამ თარიღმა უფრო ახლოს გადმოიწიოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბაზრობების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ბაზრობების გახსნის თარიღად 15 თებერვალი რჩება, თუმცა ეპიდვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, თარიღმა გადმოიწიოს.

„დღესდღეობით ბაზრობების გახსნის თარიღად 15 თებერვალია დასახელებული და ეს ნამდვილად ოპტიმიზმის საფუძველია, იმიტომ, რომ გვაქვს სხვა, არანაკლებ დაზარალებული სფეროები, რომლებზეც ჯერ ვერ ვასახელებთ თებერვლის განმავლობაში ასეთ თარიღს, რესტორნები, ზამთრის კურორტები. ვაკვირდებით რა იმას, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება მეტ-ნაკლებად კონტროლირებადია და დადებითობის მაჩვენებელიც უმჯობესდება, არ გამოვრიცხავთ, რომ ერთი კვირის თავზე, თუ ეს ტენდენცია სტაბილურად გაგრძელდება, ბაზრობებისთვის ოპტიმისტური გადაწვეტილება მივიღოთ და ამ თარიღმა უფრო ახლოს გადმოიწიოს, მაგრამ ამაზე დღესდღეობით დარწმუნებით ვერ ვიტყვით. ჩვენ ბაზრობების წარმომადგენლებს ის მეთოდოლოგია ავუხსენით, რომლითაც გუნდი სიტუაციას აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს. ამ საკითხის განხილვას ერთი კვირის თავზე დავუბრუნდებით და მათთვის პერსპექტივა კეთილსაიმედოა, თუკი მომდევნო დღეებში ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუარესდა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.