ივერი მელაშვილმა დაადასტურა, რომ შეგნებით მონაწილეობდა დანაშაულში – თუ ასე ბევრნი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ასე უხარიათ, როცა ვინმე იტყვის, რომ გარეჯი საქართველო არაა, ვერ წარმომედგინა – სოზარ სუბარი

„ქართული ოცნების” დეპუტატის სოზარ სუბარის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებებმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ “დანაშაულში შეგნებით მონაწილობდა”.

როგორც სუბარი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული მასალები ადასტურებს, რომ ეს საქმე მხოლოდ ორი ადამიანის დონეზე არ წყდებოდა და შემკვეთები არსებობენ.

„ორი ადამიანის გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ მათ ბრალი მოეხსნათ, სასამართლო გრძელდება. მათი ბრალეულობა, როგორც პროკურატურა ამბობს, არის დადასტურებული. ბოლო დღეების განმავლობაში საინტერესო მასალები იყო გამოქვეყნებული, სადაც ნათლად გამოჩნდა ის, რასაც ვვარაუდობდით, რომ ორი ადამიანის დონეზე არ წყდებოდა და არსებობენ გაცილებით უფრო სერიოზული ადამიანები, ვისაც ბრალი მიუძღვის და სავარაუდოდ, დამკვეთები არიან. წუხანდლამდე მეგონა, რომ თუნდაც ის ორი ადამიანი, რომელიც შედარებით დაბალი თანამდებობის პირები იყვნენ მთავარ იერარქიაში, იქნებოდნენ მართლია შემსრულებლები, მართალი დანაშაულის თანამონაწილეები, მაგრამ მაინც შემსრულებლები სხვისი ბრძანებების. წუხელ რაც მოვისმინე ივერი მელაშვილისგან, მკაფიოდ დაადასტურა, რომ შეგნებით მონაწილეობდა ამ დანაშაულში და ეს ყველაზე მკაფიოდ ორმა ადამიანმა თქვა – ივერი მელაშვილმა და კაკო ბობოხიძემ და მთელი დარბაზი ჩემდა გასაოცრად ტაშს უკრავდა. პირადად მე ვიყავი გაოგნებული. ვიცოდი, რომ ორი საქართველო არსებობდა, სააკაშვილის საქართველო და რეალური საქართველო, რომელსაც კვეთა არ აქვს, მაგრამ თუ ასე ბევრნი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ასე უხარიათ, როდესაც ვინმე იტყვის, რომ გარეჯი საქართველო არაა, ვერ წარმომედგინა. სამწუხარო რეალობაა”,- განაცხადა სუბარმა.