“უნდა დაგვიჯეროთ, სხვა გზა არ არის, ვაქცინა არის უსაფრთხო!” – თენგიზ ცერცვაძე

„ჯანდაცვის მუშაკების საერთო რაოდენობა, სადღაც 70 ათასია, მაგრამ ყველა არ არის აქტიურად დაკავშირებული „კოვიდთან“. მათ ნაწილს აქვს მხოლოდ უშუალო შეხება კოვიდავადმყოფებთან და პირველ რიგში სწორედ ისენი აიცრებიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ექიმების მნიშვნელოვან ნაწილს უკვე გადატანილი აქვს „კოვიდი“ და ისიც უნდა დავუმატოთ ამ რაოდენობას. ვისაც გადატანილი აქვს, უახლოესი სამი თვე, ისინი არ იცრებიან”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მარტის თვეში საქართველო დამატებით 150-დან 300 ათასამდე დოზა ვაქცინას მიიღებს.

“არის ასევე მყარი გარანტია, რომ ერთ თვეში, მარტისთვის ქვეყანა მიიღებს დამატებით დოზას 150-დან 300 ათასამდე. სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“, რომელიც უმაღლესი კლასია. მას არ სჭირდება ისეთი მკაცრი პირობები შენახვის, ინახება ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურაზე. მინდა მივულოცო მოსახლეობას და ვუთხრა, რომ ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, უნდა გადავდოთ ყველაფერი გვერდზე. ყველა განსხვავება, პოლიტიკური, რელიგიური თუ სამედიცინო, უნდა ვირწმუნოთ, უნდა დაგვიჯეროთ, სხვა გზა არ არის. ვაქცინა არის უსაფრთხო და რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაზე გადის პანდემიის დამარცხების გზა. ყველას ძალიან უნდა შეზღუდვების მოხსნა, უკვე საპროტესტო აქციებიც იმართება, არ გვინდა საპროტესტო აქციები, გავიკეთოთ ვაქცინა და შეზღუდვები მოიხსნება საფრთხის, რისკის გარეშე. ყველამ უნდა ვირწმუნოთ, აღვიჭურვოთ ოპტიმიზმით და ყველამ გავითავისოთ, რომ ვაქცინაცია არის პანდემიის დასასრულის დასაწყისი“, – განაცხადა ცერცვაძემ