ნათია თურნავა: პირველად გავხსნით საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ კოვიდინფიცირების სტატისტიკა საშუალებას მოგვცემს

ბიზნესებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის ლოგიკა მარტივია – ესაა კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ერთი კვირის ჭრილში გადაიხედება და იქნება ყველასთვის გამჭვირვალე, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„იმედი გვაქვს, რომ პირველ რიგში, რასაც გავხსნით ეს იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოსახლეობის ყველაზე დიდ ფენას ეხება“, – აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკური გუნდი მთელი გასული კვირის განმავლობაში ხვდებოდა სხვადასხვა ბიზნესს, მათ შორის მათაც, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. „ვერ ვეუბნებოდით ზუსტ თარიღს, როდის გაიხსნებიან მაგრამ ვხსნიდით ლოგიკას. ლოგიკა მარტივია, ესაა კოვიდინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ერთი კვირის ჭრილში გადაიხედება და იქნება ყველასთვის გამჭვირვალე“,- განაცხადა თურნავამ.