თამარ გაბუნია: დადებითობის მაჩვენებელი ხუთ პროცენტს ჩამოსცდა, კიდევ უფრო შემცირებას ველოდებით, რათა შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მეტი გარანტია გვქონდეს

დადებითობის მაჩვენებელი ხუთ პროცენტს ოდნავ ჩამოსცდა, მაგრამ მის კიდევ უფრო შემცირებას ველოდებით, რათა შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მეტი გარანტია გვქონდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დადებითობის მაჩვენებელი რეალურად განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად გავრცელებულია ინფექცია საზოგადოებაში.

„იქიდან გამომდინარე, რომ ტესტირებების რაოდნეობა საკმაოდ მაღალია ბოლო პერიოდში და დღეს მაგალითად, 17 000-ს გადააჭარბა, საკმაოდ სარწმუნოა ეს მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ დღეს ვეყრდნობით.

დადებითობის მაჩვენებელი ხუთ პროცენტს უახლოვდება, ოდნავ ჩამოსცდა. განსაკუთრებით საყურადღებოა რეგიონული სხვადასხვაობა, თბილისსა და იმერეთში მაინც უფრო მაღალი რჩება, ვიდრე სხვა რეგიონებში. ამიტომ, ველოდებით მის კიდევ უფრო შემცირებას, რათა უფრო თამამად გვქონდეს შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი და გვქონდეს მეტი გარანტია, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, სტაბილურად შენარჩუნდება შედეგი, თავიდან არ მოგვიწევს შეზღუდვების ამოქმედება. ჯერჯერობით არ არის საკმარისი სტაბილიზაცია ინფექციის გავრცელების კუთხით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.