საქართველოში, სამი დიდი ქალაქის 10 საავადმყოფოში და დამატებით 5 სარეზერვო კლინიკაში, აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს

ამ დროისთვის, საქართველოს სამ დიდ ქალაქში შერჩეულია 10 საავადმყოფო და დამატებით 5 სარეზერვო კლინიკა, სადაც აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს. პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„თითოეული ბრიგადა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული 3 ადამიანისგან შედგება – ამცრელი, ექიმი და რეგისტრატორი, ვინც მონაცემებს იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ასახავს. თითოეული აცრის შემდეგ, ბენეფიციარს მეორე ინექციისთვის 3 კვირის შემდეგ დაიბარებენ. როგორც შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, 40 ბრიგადა დღის განმავლობაში 1 000-მდე ადამიანის აცრას შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებით 14 ათასი მედიკოსის აცრას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.

მიღებული ვაქცინა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სასაწყობო მეურნეობებში შეინახება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი, ულტრა დაბალი ტემპერატურული რეჟიმი – მინუს 70-80 გრადუსი.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინის მომდევნო დოზები რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა.

„შესაბამისად, გაგრძელდება პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფის – სამედიცინო პერსონალის აცრა; მათ მოჰყვებიან ხანდაზმულთა სახლების ბენეფიციარები და პერსონალი, ხოლო შემდეგ – ასაკობრივი გრადაციით განსაზღვრული პირები და სხვა ჯგუფები“ – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განხადებაში.