თენგიზ ცერცვაძე – კოვიდ გადატანილ პაციენტების 1/3-ს უვითარდებათ ან რჩებათ მთელი რიგი სიმპტომები

დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია,რომ კოვიდ გადატანილ პაციენტებს დაახლოებით მესამედში უვითარდებათ ან რჩებათ მთელი რიგი სიმპტომები. ზოგ შემთხვევაში იოლი, ზოგ შემთხვევაში რთული, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშაა და მათ შორის, საქართველოში, რომ კოვიდგადატანილ ავადმყოფებს შემთხვევათა 1/3-ში უვითარდებათ, ან რჩებათ კოვიდის დამთავრების შემდეგ მთელი რიგი სიმპტომები, ზოგ შემთხვევაში იოლი, ზოგ შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული და ეს სიმპტომები რაიმე ერთი ორგანოს მხრივ არაა, არამედ ძალიან მრავალფეროვანია. თუ ეს სიმპტომები კოვიდგადატანილ პაციენტს ეწყება და კოვიდის გადატანისთანავე უვითარდება, მაშინ მას „გახანგრძლივებულ კოვიდს” ვეძახით,  ხოლო თუ პაციენტი კოვიდის გადატანის შემდეგ ერთი-ორი თვე თავს აბსოლუტურად კარგად გრძნობს და ერთი-ორი თვის შემდეგ ეს სიმპტომები უნვითარდება მაშინ მას „პოსტკოვიდური” სიმპტომი ჰქვია,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაატარეს, სადაც სპეციალისტებმა 247 ათასი ადამიანის ისტორია გამოიკვლიეს და აქცენტი ნევროლოგიურ გართულებებზე გააკეთეს.

„შედეგები საინტერესოა. 6 თვის განმავლობაში, კოვიდგადატანილებს შორის 33% სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადება განუვითარდა. პირველ კვლევაში 30%-ს ყველა მიმართულებით სხვადასხვა ორგანოს დაავადებები განუვითარდა. მეორე კვლევის თანახმად 33%-ს ნევროლოგიური დაავადებები. გახშირებულია ინსულტები, სისხლჩაქცევა და იშემიური ინსულტები. გაცილებით ხშირია კოვიდგადატანილებში, ასევე ნეიროფსიქოლოგიური აშლილობები. ეს გართულებები უფრო ხშირია მათში ვისაც რთული ფორმით ჰქონდათ, თუმცა ჰქონდათ მათაც ვინც ბინაზე გადაიტანა“, – განმარტავს ცერცვაძე.