ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილის განცხადება, თითქოს აზერბაიჯანს უფრო სჭირდება ეს სიმაღლეები, პირდაპირ ღალატის ტოლფასია

თუკი შენ ვიღაცას უთმობ სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეს, რათა მან მიიღოს ერთგვარი უპირატესობა, ესე იგი შენ რჩები დაჩაგრული ამ სიტუაციაში. მე არ მჯერა, რომ ეს უნებლიედ ან უცოდინრობით კეთდებოდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

„რას ნიშნავს სტრატეგიული სიმაღლე და რა მნიშვნელობა აქვს სამხედრო თვალსაზრისით? მოსაზღვრე ტერიტორიაზე სიმაღლეების არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის. სიმაღლის ფლობით შენ გეძლევა საშუალება, გააკონტროლო იქ არსებული ვითარება. ნებისმიერი ადამიანისთვისაა გასაგები, რომ სტრატეგიულ სიმაღლეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანს უფრო სჭირდება ეს სიმაღლეები, არის პირდაპირ ღალატის ტოლფასი. აქ სხვა მნიშვნელობაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რის ფასადაც არ უნდა ყოფილიყო ეს. ეს არ შეიძლება იყოს ორ მეზობელს შორის შეთანხმება, სარეცხი რომელ მხარეს გაიფინოს. თუკი შენ ვიღაცას უთმობ სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეს, რათა მან მიიღოს ერთგვარი უპირატესობა, ესე იგი შენ რჩები დაჩაგრული ამ სიტუაციაში. მე არ მჯერა, რომ ეს უნებლიედ ან უცოდინრობით კეთდებოდა. გასაგებია, რომ გარკვეული შეთანხმება შედგა ან სააკაშვილის ცდილობდა, რომ ეს ასე მომხდარიყო, მაგრამ თუნდაც ასეთი მცდელობა არის სერიოზული დანაშაული, ვინაიდან შენ აძლევ სხვა ქვეყანას უპირატესობას შენივე ქვეყნის საზიანოდ. მეორე ასპექტიც არის აღსანიშნავი, რომ სააკაშვილი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ შეუძლია იმოქმედოს ამ საკითხში ისე, როგორც მოესურვება. ეს შეიძლება ჩაითვალოს ფარულ ბრძანებად, რათა კომისიამ სწორედ ასე იმოქმედოს“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის მაისში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს“.