ესტონეთის საგარეო უწყება – ესტონეთი მკაცრად გმობს ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას

ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების 12+ წლით გაგრძელებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.

„ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების 12+ წლით გაგრძელებასთან დაკავშირებით. 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისთვის პასუხისმგებლობას რუსეთი ატარებს“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხო -კავკაზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).