თამარ გაბუნია: ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი, მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ

მათ, ვინც სამი თვის წინ კოვიდვირუსი გადაიტანეს, ამ ეტაპზე ვაქცინას არ შევთავაზებთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი, მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, თუმცა ჩვენი პროტოკოლის თანახმად,  პერიოდი, ვირუსის დადასტურებიდან ვაქცინაციამდე,  3 თვე უნდა იყოს გასული. ანუ, მათ, ვინც სამი თვის წინ კოვიდვირუსი გადაიტანეს, ამ ეტაპზე ვაქცინას არ შევთავაზებთ. ასეთ ადამიანებს მეორე, მესამე კვარტალში მოუწევთ აცრა,“ – განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბავშვებში ვაქცინის მიღების რეკომენდებულ ასაკზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“  შემთხვეში ეს არის 16+, ხოლო „ფაიზერის“ კი,  19+.

„რაც შეეხებათ ბავშვებს, „ფაიზერის“ ვაქცინა ამბობს, რომ ვაქცინაცია რეკომენდებული 19 წლიდან და ზემოთ, ხოლო  „ასტრაზენეკას“  შემთხვევაში კი – 16+.

ჩვენი გეგმის თანახმად, სამიზენ ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოდან, ანუ  საუბარია მოზრდილ მოსახლეობაზე. როგორც კი ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით დამატებითი ცნობები იქნება, რაც ჯერჯერობით  უბრალოდ არ არსებობს, რადგან აღნიშნული ასაკის მოსახლეობა  საკვლევ ჯგუფებში არ ყოფილა ჩართული, მაშინ, მწარმოებელი გადახედავს თავის პროტოკოლს და ჩვენც, შესაბამისად, განვავრცობთ სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.