მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე: ერთხელ ვერ გაბედა ჩამოსვლა, რა გმირობაზეა საუბარი

უკრაინიდან ეს ადამიანი მერამდენედ გვმოძღვრავს. ერთხელ ვერ გაბედა ჩამოსვლა, რა გმირობაზეა საუბარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებები არა „ქართული ოცნების“, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოწოდებაა.

„ეს განცხადება ამ ადამიანის მიერ არის ანტიეროვნული იმიტომ, რომ არ შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი ძმაც რომ იყოს, კანონზე მაღლა დადგეს. არაერთხელ გაუკეთებიათ მსგავსი განცხადება. ამ ნარატივით მართავდნენ ქვეყანას. ერთადერთი, რაც მათ არ აქვთ, ეს არის ძალაუფლება, თორემ გააორმაგებდნენ იმ საშინელებას, რაც მათი მოღვაწეობის დროს ხდებოდა. მოვუწოდებ იმ ახალგაზრდებს, ვისაც ის დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს, რომ ეს არის ძალა, რომელმაც ადამიანს ყველაფერი აკადრა, რაც კი ავტორიტარულ რეჟიმს შეეძლო ადამიანისთვის ეკადრებინა. უკადრებელიც კი იკადრეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს კიევიდან სოციალური ქსელით მოუწოდებს, დაარღვიონ კოვიდრეგულაციები და არ დაემორჩილონ კანონს.