ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო დამატებით 150 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს

საქართველო დამატებით 150 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები როგორც „ფაიზერის“, ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიმართულებით. როგორც დაანონსებული გვაქვს, თებერვლის მეორე ნახევარში გვექნება ვაქცინის ის პირველი მოცულობა, რომელზეც ხელშეკრულება გაფორმებულია. ოდენობები ეტაპობრივად დაემატება.

დღეისთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით 150 ათასი ვაქცინა. გამომდინარე იქიდან, რომ იცით მსოფლიოს ბაზარზე რამდენად დეფიციტურია ზოგადად ვაქცინა, ხშირად ისმის კითხვები სხვადასხვა ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით პროცესებს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს და საიმედოობა იყოს მაღალი“, – განაცხადა ტიკარაძემ.