ნიკა მელია – იმდენად მართალი ვარ და ძლიერი ამ სიმართლით, ტყვიაც რომ მესროლოთ, მკერდით გავაჩერებ

არასდროს ვყოფილვარ ისეთი ამაყი, როგორც ამ სიბინძურესთან ბრძოლისას, იმდენად მართალი ვარ, იმდენად ძლიერი ამ სიმართლით, ტყვიაც რომ მესროლოთ, მკერდით გავაჩერებ. ჩემს უკან ქვეყნის სიყვარული და ზნეობაა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პროკურატურის მოთხოვნის კომენტირებისას.

საუბარია პროკურატურის მოთხოვნაზე, რომლითაც საგამოძიებო უწყებამ პარლამენტს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობისთვის მიმართა.

„2019 წლის 20 ივნისი, ესაა თარიღი, რომელიც გვახსოვს. მეტიც, 100 წლის მერე, როცა არ ვიქნებით, ისტორია შეუნახავს ჩვენს შვილებს, შთამომავლებს ამ თარიღს. ესაა თარიღი, როცა თბილისში ოკუპანტი სახელმწიფოს ყველაზე აგრესიული წარმომადგენელი, სერგეი გავრილოვი ჩამოიყვანეს და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასვეს. თარიღი, როცა ეს უსამართლობა გააპროტესტა ჩვენმა თანამოქალაქეებმა და ამისთვის სახელმწიფომ მათზე სასტიკად იძალადა. 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, ამ პროტესტის შემდეგ, ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნა დაიწყო, მათ შორის ჩემიც. თუმცა, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ჩართულობის გამო, მაშინ, ჩემი დაპატიმრება ვერ მოახერხეს. ისტორიაში პირველი ბრალდებული ვარ, რომელსაც გირაო დააკისრეს და პარალელურად სამაჯურის ტარების ვალდებულება დამეკისრა. სამაჯურის, რომელიც ჯიპიარესთანაც კი არ იყო მიბმული. ამ დრომდე მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. სამაჯური გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა განაჩენი დამდგარია. პირველი ბრალდებული ვარ, რომელსაც აუკრძალეს საჯარო სივრცეებში სიტყვით გამოსვლა.

პირველი ბრალდებული ვარ, რომელსაც გირაო გადახდილი აქვს, მაგრამ კვლავ სთხოვენ გადახდას. ვებრძოლო უსამართლობასა და ამავდროულად დავემორჩილო?! არა, არ დავემორჩილები, რადგან ეს უსამართლობაა, მორალი არ მომცემს ამის უფლებას. მე ახლა ვარ ოფისში, რომლის კისერზეცაა მოდერნიზებული სახელმწიფოს შექმნა. შესაბამისად, პატივს ვცემ კანონს, მაგრამ არა მურუსიძეს, ფარცხალაძეს, ივანიშვილს. არ ვპროვოცირებ, უბრალოდ მინდა, ჩემი ქმედებით გავწყვიტო უკანონობის, უსამართლობის, პოლიტიკური დევნის ჯაჭვი და ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია, სადაც სამართლიანად ჩატარდება არჩევნები. არასდროს ვყოფილვარ ისეთი ამაყი, როგორც ამ სიბინძურესთან ბრძოლისას. იმდენად მართალი ვარ, იმდენად ძლიერი ამ სიმართლით, ტყვიაც რომ მესროლოთ მკერდით გავაჩერებ. ჩემს უკან ქვეყნის სიყვარული და ზნეობაა“, – განაცხადა მელიამ.