გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს

გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს. როგორც უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის მომავალ ყრილობაზე ის აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აღარ აპირებს.

ამასთან, უგულავამ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ შედეგი იყო ძალიან ცუდი და ამაზე პასუხისმგებლობას იღებს.

„დავით ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ, მომავალ ყრილობაზე ვიყარო კენჭი გენერლურ მდივნად. აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი. მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე, სწორედ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგულ ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე იყო ძალიან ცუდი. შესაბამისად, ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და გზას ვუთმობ ადამიანებს, რომლებიც ამას გააკეთებდნენ უკეთესად“, – განაცხადა უგულავამ.