ნათია თურნავა ნიკა მელიაზე – ასეთი ცინიკური დამოკიდებულება მართლმსაჯულების ძირითადი ინსტრუმენტების მიმართ ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციას

არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ არის ინდულგენცია, არც ერთ ჩვენგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, კანონი ყველასთვის უნდა იყოს ერთიანი და პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვებოდეს ნებისმიერ დანაშაულს, პოლიტიკური აქტივობის მიუხედავად.

„ვფიქრობ, რომ უნდა ვისწავლოთ და არ ავურიოთ ერთმანეთში პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულება. მართლმსაჯულებას აქვს თავისი წესები, სასამართლო მიმდინარეობს, თავის გადაწყვეტილებას გამოიტანს და არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ არის ინდულგენცია, არც ერთ ჩვენგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. აქედან გამომდინარე, თვითონ ასეთი ცინიკური დამოკიდებულება მართლმსაჯულების ძირითად ინსტრუმენტებზე და ინსტიტუტების მიმართ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

კანონი ყველასთვის უნდა იყოს ერთიანი და პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვებოდეს ნებისმიერ დანაშაულს, პოლიტიკური აქტივობის მიუხედავად. ნუ ავრევთ ამ ორ პროცესს ერთმანეთში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა

პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა.