ბექა დავითულიანი: ნიკა მელიას პოლიტიკური ამოცანა, რომ ის მოხვდეს ციხეში

ნიკა მელია მოქმედებს თავისი ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო გუნდი, ვალდებული ვართ, ვიმოქმედოთ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის საკითხზე დეპუტატის გადაწყვეტილება მიღებული იქნება სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.

„ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ სხდომაზე, როდესაც დადგება დღის წესრიგში და ყველა ერთად იხილავთ, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ სახელმწიფოს და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
სასამართლოს გადასაწყვეტია, იმუნიტეტის მოხსნის შემთხვევაში, დააკავებს თუ რაიმე სხვა სანქციით დაუმძიმებს წინასწარი აღკვეთის მდგომარეობას ნიკა მელიას.

ერთი მიმართულებაა პოლიტიკური კარის ღიად დატოვება ოპოზიციისთვის და მეორე მიმართულებაა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსი მიზანმიმართულად პროვოკაციას უწყობს მართლმსაჯულების სისტემას და გამომწვევად იქცევა, ყველაფერს აკეთებს, რათა რამენაირად მას სასამართლომ დაუმძიმოს აღკვეთის ღონისძიება. ეს არის ნიკა მელიას პოლიტიკური ამოცანა, რომ ის მოხვდეს ციხეში. თუ ვინმეს არ აწყობს და არ სჭირდება დღეს ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ნამდვილად არის ხელისუფლება, რადგან მილევად რეჟიმში მყოფი პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაკავება არაფერში სჭირდება, მაგრამ ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ პოლიტიკური მოტივებით, როდესაც მართლმსაჯულებას ეხება საქმე და სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიის ლიდერი სწორედ და მხოლოდ ამ მოტივით ხელმძღვანელობს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.