თამარ გაბუნია: „კოვაქსიდან“ ვაქცინის 1 400 000 დოზა გვეკუთვნის, დანარჩენი სხვა მექანიზმებით უნდა მოვიძიოთ

1 400 000 ვაქცინის დოზაა დაახლოებით, რაც ჩვენ „კოვაქსიდან“ გვეკუთვნის, დანარჩენი 2 მილიონ ნახევარი უნდა მოვიძიოთ სხვა მექანიზმებით და ეს მექანიზმი იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკება და პირდაპირი მოლაპარაკება მწარმოებელთან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროგრამისთვის მზადება გრძელდება, შეირჩა სამედიცინო დაწესებულებები და მიმდინარეობს პერსონალის ტრენინგი.

„ ვფიქრობთ, თებერვლის ბოლოსთვის უკვე გვექნება საშუალება, რომ ვაქცინაციის პროგრამა დავიწყოთ. სოლიდარული და თანაბარი პრონციპიდან გამომდინარე, შეიქმნა „კოვაქსის“ პალტფორმა. ამის პარალელურად კიდევ არის ორი მექანიზმი, რაც გვინდა, რომ გამოვიყენოთ. ერთი არის ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა, იმგვარად, რომ ის შესყიდული ჭარბი დოზა, რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება არ იყოს მათთვის აუცილებელი, გადმოგვცენ. შესაძლოა, ეს მოხდეს შესყიდვის ან დონაციის სახით. ასევე, ყოველთვის ძალაში რჩება ბილატერალური მოლაპარაკება, რადგან პირველი კვარტალი არის ყველაზე რთული ყველასთვის, შემდეგ კი წარმოების მოცულობები გაიზრდება და უფრო მოგვიანებით, მესამე მეოთხე კვარტლისთვის უკვე შესაძლებელია, მეტი შანსი გაჩნდეს, რათა ჩვენ პირდაპირაც მოვიპოვოთ დოზები მწარმოებლებისგან. „კოვაქსი“ არის მხოლოდ მილიონ-ნახევარ დოზაზე, ანუ დაახლოებით 1 400 000 დოზაა, რომელიც ჩვენ „კოვაქსიდან“ გვეკუთვნის. დანარჩენი ორ მილიონ ნახევარი სხვა მექანიზმებით უნდა მოვიძიოთ. ეს მექანიზმი იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკება, ასევე პირდაპირი მოლაპარაკება მწარმოებელთან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.