პოლიციამ ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუა დააკავა

აჭარის პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და მუქარის ბრალდებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუა დააკავა, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა. ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამ თემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ, 1997 წელს დაბადებულ კაცს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.